მე ვიცი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთგულების შესახებ, რომელიც მას აქვს ქართველი ხალხისადმი, - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა გუშინ "კრწანისის" სასწავლო ცენტრში განაცხადა, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და ამერიკელი საზღვაო ქვეითების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
"განსაკუთრებულად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ვსტუმრობ ჩემს მეგობარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელსაც პირველად წლების წინ შევხვდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამერიკელი სენატორი ვიყავი და საქართველოს ვსტუმრობდი. მე ვიცი, თავდაცვის მინისტრის ერთგულების შესახებ, რომელიც მას აქვს საქართველოს და ქართველი ხალხისადმი. ასევე ჩემთვისაც სასიხარულოა, თუ რაოდენ დიდი მეგობარია ის ამერიკის", - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.
ჰეიგელმა ქართველ ჯარისკაცებს მიმართა და მადლობა გადაუხადა პარტნიორობისთვის და მეგობრობისთვის.
გარდა ამისა, ჰეიგელმა "კრწანისის" სასწავლო ცენტრში მყოფ ამერიკელ საზღვაო ქვეითებსაც მიმართა.
"მივმართავ ამერიკელ საზღვაო ქვეითებს. ვამაყობ ნამდვილად იმით, რასაც თქვენ აკეთებთ. ვამაყობ იმით, რასაც თქვენ წარმოადგენთ და, როგორც აკეთებთ. თქვენ ხართ ჭეშმარიტად ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ცხოვრების წესის უცხოეთში. თქვენ ხართ ის ხიდი, რომელიც გვაერთებს ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნებთან და მინდა იცოდეთ, რომ პრეზიდენტმა ობამამ პირადად დამაბარა მოსალმების სიტყვები თქვენთან და მადლიერება გამოხატა იმ საქმის გამო, რასაც თქვენ აკეთებთ", - მიმართა ამერიკის თავდაცვის მდივანმა საქართველოში მყოფ ამერიკელ საზღვაო ქვეითებს.