ორგანიზაცია “ინტელიგენციის კონგრესი ომის, რუსეთის თვითიზოლაციისა და ტოტალიტარიზმის რესტავრაციის წინააღმდეგ” აღნიშნავს, რომ რუსებმა მესამე მსოფლიო ომის შესაჩერებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
“სულ უფრო მეტი სანდო ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის ყოფნისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. სულ უფრო მეტი ანონიმური საიდუმლო საფლავებია უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული რუსეთის მოქალაქეების, სამხედრო მოსამსახურეების – სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია. დღეს რუსეთის მოქალაქეებს მომავალზე პასუხისმგებლობა აკისრიათ. ჩვენ მივიღეთ ხელისუფლებაში პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც აგრესია დაიწყო და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი, რათა მესამე მსოფლიო ომი შევაჩეროთ, რომლის პროლოგი, შესაძლო, უკვე დღეს თამაშდება უკრაინაში. ინტელიგენციის კონგრესი მოითხოვს: რუსეთის პრეზიდენტისგან - დაუყონებლივ შეწყდეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლებისგან – გამოიძიოს ანტისაომარი მოძრაობის სამოქალაქო პირთა, ასევე დაღუპულ და დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა ახლობელბის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის და დაშინების შემთხვევები. ფედერალური სატელევიზიო არხების ხელმძღვანელობისგან – შეწყვიტონ აგრესიული, ერებს შორის სიძულვილის მთესველი პროპაგანდა, რომელიც უკრაინის და დასავლეთის ქვეყნებისკენაა მიმართული. გამოყონ საეთერო დრო უკრაინის მოვლენების ალტერნატიული პოზიციის გაშუქების მიზნით”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ინტელიგენციის კონგრესი მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ ანტისაომარ აქციებს და ინიციატივებს და ფართომასშტაბიანი ანტისაომარ მოძრაობაში გაერთიანდნენ.
დოკუმენტს 1800-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, მათ შორის არიან – უფლებადამცველი ლიუდმილა ალექსეევა, მწერალი ლიუდმილა ულიცკაია, უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი, როკ-მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი, მწერალი ვლადიმერ ვოინოვიჩი, თეატრისა და კინოს მსახიობი ლია ახედჯაკოვა, ისტორიკოსი ანდრეი ზუბოვი, მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი და სხვები.