დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის სერგეი ტარუტას განცხადებით, უკრაინა ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს – ბრძოლის გარეშე ამ ტერიტორიებს არავინ დათმობს.
მისივე თქმით, უკრაინა ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა” და ე.წ. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” აღიარებაზე ან მათთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს.
როგორც დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, ადამიანებს არანაირი “ДНР” და ”Новороссия” არ სჭირდებათ და ამის მაგალითად მარიუპოლის მაგალითი მოჰყავს.
“ადამიანებმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთეს, ისინი გამოდიან მიტინგებზე და ბრძოლისთვის ემზადებიან. ქვეყანა ომისთვის უნდა მოემზადოს. ბრძოლის გარეშე ამ ტერიტორიებს არავინ დათმობს. ბრძოლა მოუწევს ყველას – უკრაინელ ჯარისკცებსაც და მარიუპოლელებსაც. სიმართლე ჩვენ მხარესაა და არ შეიძლება, არ გავიმარჯვოთ, ამას შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს, ალბათ, ჩვენ ყველაზე მეტად დავზარალდებით, მაგრამ აფხაზეთის ან დნესტრისპირეთის ვარიანტი აქ არასოდეს იმუშავებს. მარიუპოლში სამხედრო კომისარიატებში რიგებია. გამარჯვებისთვის მთავარი არგუმენტი ტანკების ან ცოცხალი ძალის დიდი ოდენობა არ არის. ვფიქრობ, ეს მეორე მხარესაც ესმით. ისევე, როგორც ის, რომ დაუსრულებელი ომი მხოლოდ უკრაინას არ დაარტყამს”, - განაცხადა ტარუტამ.