საქართველოს ელჩმა რომის პაპს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს ელჩმა რომის პაპს რწმუნებათა სიგელი გადასცა

წმიდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ გრძელიძემ რომის პაპს, ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელი გადასცა. გადაცემის ცერემონია ვატიკანის სამოციქულო სასახლეში გაიმართა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩმა და რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ისტორიული კავშირების მნიშვნელობას.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოსთვის, რომელიც უძველეს ქრისტიანულ კულტურას წარმოადგენს და რომელმაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 23 წლის წინ აღადგინა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო წმიდა საყდართან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება (1992 წლის 23 მაისი), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელ საქართველოს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის კავშირები საუკუნეებს ითვლის და ამ ურთიერთობების ისტორიას ვატიკანის ფასდაუდებელი არქივები ინახავს. საქართველო მიისწრაფვის ღირსეული ადგილი მოიპოვოს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ის კულტურულად და ისტორიულად ეკუთვნის", - აღნიშნა პაპისადმი მიმართვისას თამარ გრძელიძემ.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, კონფლიქტურ სიტუაციებს და ადამიანებს შორის დიალოგის არსებობის აუცილებლობას. ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე საუბრისას საქართველოს ელჩმა რომის პაპს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის გასწვრივ არსებული ვითარების, აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს თამარ გრძელიძემ და მისმა უწმინდესობამ სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

„საჩუქრად გადმოგცემთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილიას მიერ დაწერილი საგალობლების კრებულს; ასევე, ჩემს მიერ, ბოზეს მონასტრის კათოლიკე მღვდელთან ერთად გამოცემულ წიგნს "Cloud of Witnesses" და ქართველი ოსტატის მიერ შექმნილ ტიხრული მინანქრის ნაკეთობას - მასზე გამოსახულია ფრინველი, რომელსაც თქვენთან მოაქვს ჩვენი ქვეყნის სითბო და ფერები, მისი ღრმა ქრისტიანული ფესვები და ვაზის უძველესი კულტურა", - აღნიშნა თამარ გრძელიძემ.

რომის პაპთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვატიკანში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან.