პრემიერ-მინისტრმა ჩაკ ჰეიგელს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს სრული მხრდაჭერა გამოუცხადა.
“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თქვენი ვიზიტი თბილისში კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ვაშინგტონისგან”, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს.
მთავრობის მეთაურმა ჩაკ ჰეიგელს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს სრული მხრდაჭერა გამოუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრს ქართველი სამხედროების მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
ჩაკ ჰეგელთან გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.