დონეცკში ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილ ქართველს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ

დონეცკში ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილ ქართველს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ

როგორც “პირWელს” უკრაინაში საქართველოს კონსულმა კოტე საბიაშვილმა განუცხადა, გადმოსვენების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოგვარებულია.

“მამა და გარდაცვლილი შესაბამის კომპანიას დონეცკიდან კიევის მიმართულებით მოჰყავს და დღეს საღამოსვე მოხდება მათი საქართველოში გამომგზავრება. როგორც იცით, დონეცკი არ არის უკრაინის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რეგიონი და ჩვენ მიუხედავად ამისა, შევძელით მათი დახმარება. მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ ერთ დღეში მომხდარიყო გადრაცვლილის გადმოსვენება საქართველოში”, - განაცხადა კოტე საბიაშვილმა.

მისივე თქმით, გაურკვეველია გარდაცვლილი არჩილ ბერიძის ნათესავების განცხადებები, თითქოს უკრაინაში საქართველოს საელჩო მათ გადმოსვენების საკითხში არ ეხმარება.

“წარმოდგენა არ მაქვს აქციის შესახებ. ყველაფერი გაკეთებული და მოგვარებულია. ვერ ვხვდები აქციის მიზანი რა არის. გუშინ მთელი დღე დავუთმეთ მაგ ოჯახს და ვერ ვხვდები რითი არიან უკმაყოფილოები”, - განაცხადა საბიაშვილმა.

“პირWელი” ასევე, გარდაცვლილის დეიდაშვილს ლუიზა ჯოყილაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, აქციის წევრების მიზანი, რადგან უკრაინის საკონსულომ ყველაფერი გააკეთა, რათა გადმოსვენების საკითხი დროულად მოგვარებულიყო.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქედაში 2 დღის წინ დონეცკში დაღუპული არჩილ ბერიძის ნათესავებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, უკრაინაში საქართველოს საკონსულომ მათ გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით უარი განუცხადა, რადგან დასვენების დღეები იყო.

არჩილ ბერიძე ოჯახთან ერთად დონეცკში 12 წელი ცხოვრობდა.