"ბოევიკები" რუს სამხედროებთან ერთად უკრაინული არმიის პოზიციების დაცხრილვას ახორციელებენ

მინსკში პარასკევს მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, "ბოევიკებმა" ზავი დაარღვიეს და რუს სამხედროებთან ერთად უკრაინული არმიის პოზიციების დაცხრილვას ახორციელებენ. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტიმჩუკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები მკაცრად იცავენ ზავის პირობებს, არ იყენებენ აქტიურ მოქმედებებს. ტიმჩუკის ინფორმაციით, 6 სექტემბერს ბოევიკებმა სამი დასახლებული პუნქტი დაცხრილეს, ასევე ნაღმმტყორცნებიდან ისროდნენ დონეცკის აეროპორტის მიმართულებით. მარიუპოლის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის არმიის ბლოკპოსტებს. მისივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლის შედეგად, მოწინააღმდეგის ერთი ტანკი გაანადგურეს.

5 სექტემბერს, მინსკში საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დონბასში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის პროტოკოლს, რომელიც 5 სექტემბრის, 18:00 საათიდან შევიდა ძალაში.