ნატო-ში საქართველოს ელჩის, ლევან დოლიძის განცხადებით, უელსის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების შესახებ დაფიქსირებული ჩანაწერები ნათელი და მარტივი გასაგებია.
როგორც დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აქედან გამომდინარე მისთვის გაუგებარია, რატომ მოჰყვა აღნიშნულ ჩანაწერს განსხვავებული ინტერპრეტაციები ექსპერტთა ნაწილის მხრიდან.
"კომუნიკეში გაკეთებული ჩანაწერი მარტივი და ნათელია. იქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ევროატლანტიკურ სივრცეში მყოფი მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებაზე, განვითარების საშუალებებზე და ვაჭრობის შესაძლებლობებზე. ამდენად, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ იძლევა ეს ფორმულირება სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას", - აღნიშნა დოლიძემ.
ქართველი დიპლომატის განმარტებით, დეკლარაციაში დაფიქსირებულია ისიც, რომ რუსეთის ჯარებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ. "კომუნიკეში პირდაპირ, ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშეა დაფიქსირებული და ეს ჩანაწერი, სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელონია, რომ რუსეთის ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორიები. აქ, რა თქმა უნდა, საუბარია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებზე", - განაცხადა ნატო-ში საქართველოს ელჩმა.
უელსის ნატო-ს სამიტის დეკლარაციის 31-ე მუხლში აღნიშნულია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები კვლავ რჩება შეშფოთების საგნად. დელკარაციის ამ პუნქტში ნათქვამია, რომ ალიანსი გააგრძელებს იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში.
"გაჭიანურებული კონფლიქტები კვლავაც რჩება შეშფოთების საგნად, რომელიც ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობებს, მიიღონ სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულად კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში და გაძლიერებული პოლიტიკური ნებით, მოლაპარაკებების დამკვიდრებული ჩარჩოების ფარგლებში", - ნათქვამია დეკლარაციის 31-ე მუხლში.