“ნატო-ს წევრობისკენ მიმართული პროცესი არანაირად არ გულისხმობს დაპირისპირების რეჟიმს რუსეთთან”

“ნატო-ს წევრობისკენ მიმართული პროცესი არანაირად არ გულისხმობს დაპირისპირების რეჟიმს რუსეთთან”

როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს უელსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ალიანსს თავისი ტერიტორიული პრობლემების მოგვარების საშუალებად არ განიხილავს.

“ნებისმიერი ჩვენი ნატო-ს წევრობისკენ მიმართული პროცესი არანაირად არ გულისხმობს რაიმე ტიპის აგრესიულ ან დაპირისპირების რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან. მეტიც, იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენთან არსებულ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, იმ ტერიტორიებთან, რომელიც აღიარა რუსეთის ფედერაციამ, ამ მიმართულებითაც ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მშვიდობისმოყვარე პოლიტიკა, არაერთხელ გაკეთებული განცხადებები, რომლის საფუძველზეც ჩვენ ნატო-ს არ განვიხილავთ ჩვენი ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებად. ნათლად ვხედავთ გამოსავალს არა სამხედრო კონფრონტაციაში, სამხედრო აქტოვობებში, არამედ იმ დემოკრატიულ, ჩართვით პროცესებში, რომელიც ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში; აფხაზებისა და ოსების ინტეგრირება ქართულ პოლიტიკურ ერთიან სივრცეში, სივრცეში, რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური ალიანსისკენ, სივრცეში, რომელიც უკვე გახდა ევროპის ასოცირებული წევრი, სტაბილური, დაცული, არა პრობლემების მომტანი, არამედ თანამშრომლობაზე ორინტირებული საქართველო არის სასურველი მეზობელი როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ასევე განსაკუთრებით რუსეთისთვის”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.