თბილისის მერიის ყოფილი ხელმძღვანელობა ყოველთვიურად ხელფასზე მეტი ოდენობის დანამატს იღებდა, - აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
არხის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე 2014 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 2 950 ლარს, დანამატის სახით 3 600 ლარზე მეტს, პრემიის სახით კი 2 900 ლარზე მეტს იღებდა. "იმედის" ცნობით, 2013 წლის განმავლობაში უგრეხელიძის ანგარიშზე, საერთო ჯამში, 89 ათას ლარზე მეტი დაერიცხა, საიდანაც ხელფასი მხოლოდ 30 ათასი ლარი იყო.
დოკუმენტი შეიცავს მონაცემებს მერიის სხვა მაღალჩინოსნების: ირაკლი აბესაძის, პაპუნა პეტრიაშვილის, დავით ნინიძის, დავით ალავიძის, ტარიელ ხიზანეიშვილისა შოთა ხიზანიშვილის მიერ აღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებაც.
მაგალითად, "იმედის" ინფორმაციით, შოთა ხიზანიშვილს შარშანდელი წლის განმავლობაში 101 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს მიღებული, საიდანაც ხელფასის ოდენობა მხოლოდ 31 ათასი ლარს შეადგენდა.