საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც სამიტის ფარგლებში იქნა მიღწეული.
“დღეს ჩვენ უელსიდან მივდივართ აღჭურვილი იმ ახალი საშუალებებით, იმ ახალი რესურსებით, რომლებიც წინ წასწევს საქართველო-ნატო-ს უერთიერთობას. უელსში გამგზავრებამდე ჩვენ დავსახეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი საქართველოს ნატო-ში გაწევრების მიმართულებით. პირველი მათგანი ეხებოდა საქართველოს როლის აღიარებას ამ გზაზე, იმ დიდი წვლილის აღიარებას, რომელიც საქარველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები დააფასეს, დააფასეს ის დემოკრატიული ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, ის ეფექტიანი რეფორმები, რომლებიც განხორციელდა თავდაცვის სამინოსტროსა და ჩვენს ჯარში, ჩვენი ჯარისკაცების ღვაწლი და ის გმირობა, რომელსაც ისინი ISAF-ის მისიის ფარგლებში იჩენენ. წარმოჩნდა საქართველოს როლი, საქართველო, ასე ვთქვათ, ამაღლდა თანასწორი პარტნიორების რიგში. ჩვენ ახლა უკვე ვართ ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიისა და იორდანიის გვერდით, იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებსაც უფრო დაახლოებული თანამშომლობა აქვთ ალიანსთან. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები იმ თვალსაზრისითაც დაფასდა, რომ ნატო-მ განსაზღვრა საგანგებო საშუალებები და გზები საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. მე ასევე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო-ს სამიტიდან ჩვენ მივდივართ საშუალებების იმ პაკეტით, რომელიც ნატო-სკენ მიმავალ გზაზე არა მხოლოდ პოლიტიკურად წინ წასწევს საქართველოს, არამედ უფრო დაცულს, უფრო უსაფრთხოს გახდის მას და ჩვენს რეგიონს, რადგან ჩვენ შორის განისაზღვრა თანამშრომლობის ძალიან სპეციფიკური ფორმატები, მათ შორის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ფორმატი. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დაცულობას, ვიდრე საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდეს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე იმ მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელიც მოკავშირე ქვეყნებისაგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტური რეგიონების საკითხთან დაკავშირებით მიიღო.
“სამიტზე ხაზგასმით ითქვა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკან უნდა გაიტანოს აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება და ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ნაბიჯი გამომდინარეობს, ერთი მხრივ, იმ წარმატებებიდან, რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებისათვის განხორციელებული რეფორმების ნაწილში, ხოლო, მეორე მხრივ, დამოკიდებულია იმ მრავალწლიან შრომაზე, რომელიც ჩვენმა ჯარისკაცებმა გასწიეს ნატო-ს არაერთ მისიაში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.