აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, დონეცკში წუხანდელმა ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. ინფორმაციას მის შესახებ ქალაქის მერია ავრცელებს.
როგორც დონეცკის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დღევანდელი დილის მონაცემებით, ინფორმაცია ქალაქში ცეცხლის გახსნის ან აფეთქებების შესახებ მერიაში არ შესულა.
თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, სეპარატისტები და რუსი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ რაიონში ცეცხლის შეწყვეტის პირობებს არღვევენ და უკრაინელი ძალოვანების პოზიციების მიმართულებით ცეცხლს ხსნიან.
გუშინ მინსკში საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დონბასში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის პროტოკოლს, რომელიც 5 სექტემბრის 18:00 საათიდან შევიდა ძალაში.