ჩვენ უელსიდან ახალი საშუალებებით აღჭურვილი მოვდივართ

ჩვენ უელსიდან ახალი საშუალებებით აღჭურვილი მოვდივართ

ჩვენ უელსიდან მოვდივართ აღჭურვილი იმ ახალი საშუალებებით, რომლებიც წინ წასწევს საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, უელსის სამიტზე ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები დააფასეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძელ მხარეს არაჩვეულებრივად ორგანიზებული და ეფექტური სამიტისთვის, ასევე ქართულ დელეგაციას, ვინც მონაწილეობდა დადებული შედეგის მიღწევაში. ჩვენ უელსიდან მოვდივართ აღჭურვილი იმ ახალი საშუალებებით, იმ ახალი რესურსებით, რომლებიც წინ წასწევს საქართველო-ნატოს ურთიერთობებს. უელსში წასვლამდე ჩვენ დავსახეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. პირველი მიზანი ეხებოდა საქართველოს როლის აღიარებას ამ გზაზე, იმ წვლილის აღიარებას, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები დააფასეს, დააფასეს ის დემოკრატიული ცვლილებები, რაც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა, ის ეფექტური რეფორმები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაატარა და დააფასეს ჩვენი ჯარისკაცების ღვაწლი და გმირობა, რომელსაც ისინი სჩადიან "IშAF"-ის მისიის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით მოხდა საქართველოს როლის გამოყოფა, საქართველოს ამაღლება ყველაზე თანაფარდი პარტნიორების რიგში. ჩვენ ვართ ახლა უკვე ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის და იორდანიის გვერდში – იმ 5 ქვეყნის რიგში, რომელსაც უფრო წინ წაწეული თანამშრომლობა გააჩნია ალიანსთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ნატოს სამიტიდან ჩვენ ასევე მოვდივართ საშუალებების იმ პაკეტით, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად წაწევს წინ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, არამედ უფრო დაცულს, უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს რეგიონს.

"განისაზღვრა თანამშრომლობის სპეციფიური ფორმატები, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ფორმატები. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას გახდის უფრო დაცულს მანამდეც, სანამ საქართველო გახდება ნატოს წევრი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.