უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საერთაშორისო მხარდაჭერით და ნატო-ს სამიტზე მიღებული რეზოლუციით კმაყოფილია.
როგორც პეტრო პოროშენკომ BBC–სთან ინტერვიუში განაცხადა, მას დიპლომატიაში მუშაობის და დიპლომატიური მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება აქვს და არასდროს უნახავს, რომელიმე ქვეყანას ისეთი დონის საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონოდა, რომელსაც უკრაინა იღებს.
პოროშენკომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო-ს რამდენიმე ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა უკრაინას თანამედროვე იარაღი მიაწოდოს, თუმცა ამ ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ეს კონფინდენციალური ინფორმაციაა.
"უკრაინას პირველად შესთავაზეს თანამედროევ იარაღი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად. ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ კონკრეტულ ომში. ეს კეთდება იმისთვის, რომ შევძლოთ ევროპული უსაფრთხოების სისტემა შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, არავის აქვს ილუზია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროები იბრძოლებენ უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცად. ჩვენ ჩვენი თავის იმედი გვაქვს, მაგრამ სასიცოცხლოდ გვჭირდება ფინანსური და ტექნიკური დახმარება", - განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, რუსეთს ჰყავს 1,2 მილიონიანი თანამედროვედ აღჭურვილი არმია და თუ რუსეთს შეუძლია აიღოს კიევი, ამავე ლოგიკით შეიძლება მან აიღოს ვარშავა, რიგა, ტალინი, ბუქარესტი და ნებისმიერი ქალაქი, თუ მსოფლიო არ გაერთიანდება და არ იქნება უკრაინასთან მიმართებაში სოლიდარული.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად არის დარწმუნებული, რომ უკრაინის აღმოსავლეთში შერიგება შეიძლება იყოს მიღწეული, პოროშენკომ აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული არ არის.
"იმაში დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო და მე, როგორც ამ სახელმწიფოს ლიდერი, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს, რომ შეჩერდეს ომი, შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის და უკრაინელი ჯარისკაცების მასობრივი ხოცვა. ომი გაგრძელდება თუ რუსეთის ჯარები განაგრძობენ ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნას და ამით დაზარალდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მოსახლეობაც", - განაცხადა პოროშენკომ და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა ადამიანს სურს მშვიდობა.
უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს.
"ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მე მზად ვარ ვიბრძოლო ჩემი ქვეყნისთვის და მისთვის თავი გავწირო კიდეც. გარწმუნებთ, რომ ასე ფიქრობს უკრაინის მოსახლეობას უმეტესობა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.