რუსეთის საგარეო უწყება ნატოს სამიტს ეხმაურება

რუსეთის საგარეო უწყება ნატოს სამიტს ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს 4-5 სექტემბრის სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ალიანსის სამიტის შედეგები ვერავის გააკვირვებს. საგარეო უწყების განცხადება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"ალიანსი, რომელიც "ცივი ომის" ეპოქაში შეიქმნა, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, ფაქტობრივად, ვერ იცვლის თავის გენეტიკურ კოდს. მათ მიერ აღებული სტრატეგიული კურსი, უცხო ქვეყნების საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით, არც გუშინ და არც დღეს არ ჩასახულა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლავროვის უწყების შეფასებით, შეხვედრის შედეგებმა თვალნათლად მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ორგანიზაცია, რომლის პოლიტიკა ვაშინგტონისა და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქების "ქორების" მიერ არის ნაკარნახევი, მიისწრაფვის ევროპაში სამხედრო სფეროში დომინირებისკენ და არღვევს ყველა დონეზე არაერთხელ მიღწეულ შეთანხმებებს ევროატლანტიკურ სივრცეში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემების შექმნის შესახებ. ამასთან, ხდება მსხვერპლად შეწირვა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია რეალური საფრთხეების, მათ შორის ტერორიზმის, მასობრივი განადგურების იარაღის, ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ.

"სამიტზე მთავარ საკითხად დაისახეს ნატოს ინფრასტრუქტურის განვითარება "აღმოსავლეთით" და ალიანსის ყოფნა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს. ეს გეგმები ადრეც არსებობდა და უკრაინის კრიზისი მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა ამ გეგმების რეალიზებისთვის. უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არსი და ტონალობა, კიევთან ერთად დაანონსებული ნატოს წევრი სახელმწიფოების წვრთნების შესახებ, რომელიც 2014 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს, ვითარების გარდაუვალ დაძაბვამდე მიგვიყვანს, ხელს შეუშლის უკრაინაში სამშვიდობო პროცესს და უკრაინული საზოგადოების გახლეჩას. უფრო მეტიც, ეს განცხადებები ადასტურებს ნატოს უპირობო მხარდაჭერას ნეოფაშისტური და ექსტრემისტული ძალებისადმი, მათ შორის "მემარჯვენე სექტორისადმი". რაც ეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მოხდება მათი დეტალური გაანალიზება, მათ შორის ნატო-რუსეთის 1997 წლის აქტის და სხვა საბაზო შეთანხმებების კონტექსტში", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.