საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მოწოდებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ეს საკითხი მოკავშირეებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყდება.

ამის შესახებ პეტრიაშვილმა, რომელიც უელსში საქართველოს დელეგაციის წევრია, "ინტერპრესნიუსს" იმ კითხვის პასუხად განუცხადა, ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოსთვის შეთავაზებული გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი ითვალისწინებს თუ არა ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას.

"საქართველოსთვის შეიარაღების თავდაცვითი საშუალებების მოწოდებაზე იყო ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი განცხადებები. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ორმხრივ ფორმატში ამ ტიპის სამუშაო მიმდინარეობს. უშუალოდ თვითონ ორგანიზაციას, როგორც ასეთს, ნატოს თავდაცვითი საშუალებები არ გააჩნია. ამიტომ ბუნებრივია, ეს საკითხი გადაწყდება ორმხივ თანამშრომლობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

ნატოს სამიტზე, რომელიც უელსში გაიმართა, საქართველომ თანამშრომლობის ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც ქვეყანას ალიანსის წევრობისთვის მოამზადებს.