საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა “პირWელთან” საუბრისას საქართველოსთვის მინიჭებული პაკეტიდან რამდენიმე ელემენტი გამოყო.
ზალკალიანის თქმით, არსებითი პაკეტის ელემენტები ძალიან სერიოზულ, ხელშესახებ პროგრესს წარმოადგენს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებიდან დღემდე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ელემენტების ერთობლიობა ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, უსაფრთხოების გაზრდაში და რაც მთავარია, ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება.
“პაკეტში გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროში თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ნატო-ს სამხედრო წვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გააქტიურება და ასევე საქართველოში ნატო-ს წვრთვნების ორგანიზება, საქართველოში რეგიონალური სამხედრო-საწვრთვნელი შტაბის ჩამოყალიბება და განვითარება, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება. დოკუმენტში გათვალისწინებულ ღონისძიებათა სრულად განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. ეს მომენტი კი ნატო-ში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობა გახლავთ”, – განუცხადა “პირWელს” ზალკალიანმა და აქვე დასძინა, რომ სპეციალურ ღონისძიებათა პაკეტის და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შედეგად, უელსის სამიტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გახდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე პოლიტიკურ დეკლარაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტშიც მნიშვნელოვანი ელემენტებია ჩადებული.
“პირველ რიგში ნატო-მ აღიარა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სამი მიმართულებით. პირველი - დემოკრატიის გამყარება, მეორე - სამხედრო ძალების მოდერნიზება და მესამე - თავდაცვითი ინსტიტუტების გაძლიერება. დამატებით^იმ ინსტრუმენტებთან რაც ჩვენ გვქონდა, მხედველობაში მაქვს ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს კომისია, საქართველოს მიენიჭა არსებით ღონისძიებათა პაკეტი და ეს ყველაფერი, ერთად აღიარებული იქნა როგორც საკმარისი, საჭირო ინსტრუმენტები საქართველოს წევრობის მოსამზადებლად. პოლიტიკურ დეკლარაციაში ჩიკაგოს კონტექსტიდან განსხვავებით ახალი ელემენტი გაჩნდა, კერძოდ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კონტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთმა საქართველოდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს. საქართველო მიწვეულ იქნა 28+4, 28+5 ISAF-ის ფორმატების შეხვედრაზე. მოხდა ჩვენი ქვეყნის, როგორც ალიანსთან თავსებად ქვეყნად აღიარება” – განაცხადა ზალკალიანმა.