მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ნატოს პოლიტიკური ხედვა კარგად იქნება გააზრებული რუსეთში

მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ნატოს პოლიტიკური ხედვა კარგად იქნება გააზრებული რუსეთში

რუსეთში საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ნატოს პოლიტიკური ხედვა კარგად იქნება გააზრებული რუსეთში, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა "იმედთან" ინტერვიუში, უელსის სამიტის საბოლოო დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა.

"ამ დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული. პირველ რიგში, მიცემული აქვს შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ლიდერი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ განხორციელებულ უარყოფით პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნების თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ არის მიმართული. იმედი მაქვს, რომ ეს შეფასება, ეს პოლიტიკური ხედვა კარგად გაგონილი და გააზრებული იქნება რუსეთში და, შესაბამისად, ჩვენ უნდა მოველოდეთ, რომ აქედან გამომდინარე, იქნება სიტუაციის განმუხტვის მცდელობები. მეორე, კომუნიკემ მოგვცა ძალიან ნათელი ხედვა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების ძირითადი ფორმატისა. მასში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ამ ეტაპზე უკვე გააჩნია კონკრეტული საშუალებები ჩვენი თავდაცვისუნარიანობის დახვეწისა და ევროატლანტიკური წევრობისკენ ქმედითი ნაბიჯის გადასადგმელად. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ პაკეტის განვითარების კვალდაკვალ, ქართული ჯარის თავდაცვისუნარიანობა, ჩვენი სახელმწიფოს უშიშროება ხდება ბევრად უფრო გაღრმავებული და ჩვენი ქვეყანა იქნება უფრო დაცული არა მარტო მაშინ, როდესაც გავხდებით ნატოს წევრები, არამედ ხვალიდან, ზეგიდან, ვინაიდან ახალი პაკეტის ფარგლებში გაწეული სამუშაო აამაღლებს საქართველოს უსაფრთხოებას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მასთან საუბარში დასავლელი პარტნიორები იმ არეალიდან, რომელშიც ნატო გაფართოვდა, აღნიშნავენ, რომ ნატოსკენ მიმავალი გზა არის რთული და წინააღმდეგობრივი, მაგრამ ამ გზაზე იმედგაცრუება არ შეიძლება.

"თუ ჩვენ ამ გზას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენი ქვეყანა იქნება ბევრად უფრო დაცული და ბევრად უფრო წარმატებულ ქვეყანათა ოჯახის რიგს მიუერთდება. მე მესმის ყველა იმ მოქალაქის, რომელსაც აქვს გარკვეული იმედგაცრუება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სიმტკიცე და შეურყევლობა ამ გზაზე არის მთავარი, რაც გააჩნია საქართველოს. ჩვენ ევროპული და დასავლური ღირებულებებიდან არ გადაგვიხვევია ბევრი წლის განმავლობაში, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, როცა საქართველომ ბევრი პრობლემა გამოიარა და სწორედ ეს არის ის, რამაც უნდა მიგვატანინოს ბოლო პუნქტამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.