მაია ფანჯიკიძე:   საქართველოს ძალიან დიდი მიღწევა აქვს

მაია ფანჯიკიძე: საქართველოს ძალიან დიდი მიღწევა აქვს

იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ იყო გაფართოების სამიტი, საქართველოს ძალიან დიდი მიღწევა აქვს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ "ინტერპრესნიუსს" უელსის სამიტის შედეგების შეჯამებისას განუცხადა.

"ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული იყო პირველ რიგში იმიტომ, რომ ნატომ აღიარა საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი სამი მიმართულებით _ დემოკრატიის გამყარება, სამხედრო ძალების მოდერნიზება და თავდაცვითი ინსტიტუტების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, ნატო აღნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ალიანსს, ხოლო იმისთვის, რომ უკეთ მოვემზადოთ ნატოს წევრობისთვის, მას ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის გარდა, დამატებით მიენიჭა არსებითი ღონისძიებების პაკეტი და ყველაფერი ეს ერთად, აღიარებულ იქნა, როგორც საკმარისი ინსტრუმენტები საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, უელსის სამიტის დეკლარაციაში ორი პარაგრაფი მთლიანად ეძღვნება საქართველოს, მაგრამ მასზე სხვა პარაგრაფებშიც არის საუბარი.

"მაგალითად, საქართველო მიწვეული იყო ყველა ღონისძიებაზე, რომელიც დაგეგმილი იყო პარტნიორებისთვის _ ეს იყო 28+4 ფორმატი (ალიანსის წევრი სახელმწიფოები+ასპირანტი ქვეყნები) საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, 28+5 ფორმატი თავდაცვის მინისტრების დონეზე. ეს ხუთი არის ნატოს ყველაზე თავსებადი ქვეყნები: საქართველო, შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და იორდანია. გამოვყოფდი კიდევ ერთ მომენტს, რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კონტექსტში, საქართველოზე საკმაოდ ვრცელი პასაჟია, დამატებით ჩიკაგოს დეკლარაციისა, აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა გამოიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ მთლიანობაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არ იყო გაფართოების სამიტი, ყოველივე ზემოაღნიშნული არის ძალიან დიდი მიღწევა, მით უმეტეს, რომ დეკლარაცია ხაზს უსვამს პარტნიორებთან ურთიერთობების გაღმავების აუცილებლობასა და ალიანსის ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებას.