ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონსულტაციო ჯგუფი საქართველოში ეწვია

ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონსულტაციო ჯგუფი საქართველოში ეწვია

ვისკონსინის შტატის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ხელმძღვანელ პირთა ჯგუფი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს ეწვია.

სასწავლო ცენტრში საკონსულტაციო ჯგუფი ცენტრის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს შეხვდა.  დელეგაციის წევრები  ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და პერსონალს პრეზენტაცია/დისკუსიის რეჟიმში კონსულტაციები გაუწიეს.

შეხვედრა ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც პირველ სექტემბერს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც, დელეგაციამ უკვე გამართა კონსულტაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პერსონალთან და   სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებები დაათვალიერა. ვიზიტის მიზანს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის სხვადასხვა ასპექტებში საკონსულტაციო დახმარების გაწევა წარმოადგენს.

დღესვე დელეგაციის წევრებმა სასჯელაღსრულების #16 დაბალი რისკის დაწესებულება მოინახულეს და პროფესიული სწავლების კორპუსში სამკერვალო საამქროსთვის განკუთვნილი დანადგარები დაათვალიერეს. დელეგაციის წევრების განცხადებით, მისასალმებელია ის რეფორმები, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარეობს. საკონსულტაციო ჯგუფი ასევე კმაყოფილია იმ პროგრამებით, რომლის დანერგვაც #16 დაწესებულებაში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტს  2014 წლის ივნისში სტუმრობდა. 

აღნიშნული ვიზიტები ხორციელდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის საერთშორისო ბიუროს (INL) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.