გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას გულისხმობს

გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას გულისხმობს

საქართველომ მიიღო გაძლიერებული თანამშრომლობის ისეთი პაკეტი, როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუღია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.

ალექსი პეტრიაშვილი განმარტავს, თუ რას გულისხმობს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, რომელიც ალიანსმა საქართველოს შესთავაზა.

"საქართველოსთვის ნატო-ს სამიტი ძალიან წარმატებული იყო. საქართველომ მიიღო გაძლიერებული თანამშრომლობის იმგვარი პაკეტი, რომელიც არ მიუღია არც ერთ სხვა ქვეყანას ამ სამიტზე. გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოსთვის თავადაცვისუნარიანობის ამაღლებას, ალიანსთან თავსებადობის ამაღლებას და რაც ყველაზე მთავარია, ეს პაკეტი არის მოქმედებათა და ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებას. საქართველოში მოვლენილი იქნებიან ნატო-ს სამხედრო ინსტრუქტორები, შეიქმნება ერთობლივი საწვრთნელი მისია, სადაც ნატოელი კოლეგები, პარტნიორები და მოკავშირეები, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად და სხვა პარტნიორებთან ერთად, განაგრძობენ წვრთნებს, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით უმნიშვენლოვანესია", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის გადაცემაზე. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული პაკეტი საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება.