ირაკლი ღარიბაშვილი - ზოგჯერ არ არის სასიამოვნო, რასაც ამბობენ, წერენ ჩემზე, მთავრობაზე, მაგრამ მაინც ვიბრძოლებ, რომ მედიას ჰქონდეს ამის უფლება

ირაკლი ღარიბაშვილი - ზოგჯერ არ არის სასიამოვნო, რასაც ამბობენ, წერენ ჩემზე, მთავრობაზე, მაგრამ მაინც ვიბრძოლებ, რომ მედიას ჰქონდეს ამის უფლება

მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მედიის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ არ სიამოვნებს მასზე და მის მთავრობაზე რაც მედიაში იწერება, თუმცა მისი თქმით, იბრძოლებს, რომ ჟურნალისტებს ამის უფლება ჰქონდეთ. 
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის, მათ შორის უმცირესობათა, ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. 
"თომას ჰამარბერგმა და ევროკავშირმა მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი რჩევები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მათთან თანამშრომლობით ჩვენ შევიმუშავეთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელთა მიზანიცაა შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურისა და პრაქტიკის, დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.

არც ერთ სხვა ქვეყანას არა აქვს მსგავსი გეგმა. ის მოიცავს სამართალდამცავ, მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემებს, შრომის ბაზარს, სოციალ მომსახურებას, ასევე ეროვნულ და ადგილობრივ სახელისუფლებლო ინსტიტუტებსა და სტრუქტურებს. პროგრესი შეფასდება და შესაბამისი მოხელეები ანგარიშვალდებული იქნებიან გეგმის შესრულებისათვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოსთვის ყოველთვის პრობლემატური იყო მედიის თავისუფლების დონის დაბალი რეიტინგები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2007 წელს ხელისუფლებამ მიითვისა ოპოზიციური ტელევიზია "იმედი".

"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს,  ქვეყანაში მართლაც ძლიერი, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მედიის უზრუნველყოფა. ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მტკიცე დემოკრატიის მშენებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩემთვის არ არის სასიამოვნო ის, რასაც ამბობენ და წერენ პირადად ჩემზე, ჩემს მთავრობაზე, მე მაინც ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ამის უფლება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს, განსაკუთრებით მედიის პოლარიზაციისა და პოლიტიკური პარტიებისადმი მიკერძოების კუთხით. 

"მიუხედავად ამისა, სიხარულით გაცნობებთ, რომ დღეს, ორგანიზაციის "ჟურნალისტების საზღვრებს გარეშე" ინდექსის თანახმად, საქართველო 84-ე ადგილზეა პრესის თავისუფლების მიხედვით მაშინ, როცა 2008 წელს ჩვენ მხლოდ 120-ე ადგილი გვეკავა", - მიმართა ღარიბაშვილმა ფორუმის წევრებს.