ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროდ, ჩემი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი ეპყრობოდნენ სახელმწიფოს ისე, როგორც - საკუთრებას

ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროდ, ჩემი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი ეპყრობოდნენ სახელმწიფოს ისე, როგორც - საკუთრებას

სამწუხაროდ, ჩემი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი ეპყრობოდნენ სახელმწიფოს ისე, როგორც - საკუთრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ყველაზე რთული საკითხი, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ, არის სამთავრობო პირების დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა დიდი ნაწილი, ასევე ჩემი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი, ეპყრობოდნენ სახელმწიფოს, როგორც საკუთრებას. ისინი ფლანგავდნენ ბიუჯეტს, იყენებდნენ თანამდებობრივ ძალაუფლებას პირადი მიზნებისათვის და აბუჩად იგდებდნენ თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თანამდებობის პირები იქცეოდნენ ისე, თითქოს კანონი მათზე არ ვრცელდება. ეს აღარასოდეს უნდა გამეორდეს, დამნაშავენი კი ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა გასამართლებაზე პოლიტიკური ზეგავლენა არ დაეშვა. 
"წარსულში თუ დღეს ჩადენილი სისხლის სამართლის ყველა საქმე გადაგზავნილია დამოუკიდებელ პროკურორთან, რომელიც განსაზღვრავს მართლმსაჯულების ადმინისტრირების შემდგომ ნაბიჯებს. დღეს ვერც ერთი სამთავრობო პირი ვერ გადაწყვეტს, რომელი საქმე უნდა განიხილოს სასამართლოში და რომელი - არა. დღეს ეს მართლმსაჯულების სისტემის კომპეტენციაში შედის. დღეს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები სამართლიანია და პასუხობს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩემი ღრმა რწმენით, თუკი ჩვენ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც დაუსჯელობა აღმოიფხვრება და ვერავინ დადგება კანონზე მაღლა, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინონ დანაშაული. უფრო მეტიც, ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტების გაძლიერების პირობებში, ჩვენ ხელთ გვაქვს ინსტრუმენტები, რათა გავასამართლოთ ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევის გარეშე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.