აფთიაქებს დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მოსახლეობა წამლებს იმარაგებს

აფთიაქებს დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მოსახლეობა წამლებს იმარაგებს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მტკიცებით, მოსახლეობის მიერ მედიკამენტების მომარაგების არანაირი საჭიროება არ არის. როგორც "ინტერპრესნიუსს" სერგეენკომ განუცხადა, აფთიაქებს დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მოსახლეობა 1-ელ სექტემბრამდე წამლებს იმარაგებს.

"დაახლოებით ორი კვირის წინ, ზოგიერთმა აფთიაქმა აბსოლუტურად გაუმართლებლად დაიწყო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და მოწოდება, რომ მოქალაქეებს წინასწარ შეექმნათ მარაგი და დააპანიკეს მოსახლეობა. არანაირი საჭიროება ამისი, სინამდვილეში არ არის", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეპარატ "კონკორზე" სააფთიაქო ქსელებში არის დეფიციტი.

"მე თვითონ გადავამოწმე, ერთი საათის წინ და არავითარი დეფიციტი არ არის. ეს წამალი არის ქსელში. დეფიციტი შეიქმნა სამი კვირის წინ 5-მილიგრამიან დოზირებაზე, 2,5-იანი და 10-მილიგრამიანი ქსელში არის. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ მაგალითად, ვიტამინი E, დრამინა, ანალგინი, ესენციალე N და ა.შ. რეცეპტით გაიცემა. ესენი მესამე ჯგუფის მედიკამენტებია და მათი გაცემა თავისუფლად მოხდება. ის, რომ პარაცეტამოლი არის რეცეპტებით გასაცემი მედიკამენტების სიაში, ნონსენსია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოსახლეობა ტყუილ პანიკაში ვარდება", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი და მოქალაქეებს მოუწოდებს, ისარგებლონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული წამლის საძიებო სისტემით (http://insurance.ssa.gov.ge/recepti/camlebi) იმის დასადგენად, თუ რომელი ჯგუფს განეკუთვნება ესა თუ ის მედიკამენტი.