საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციას არ ელოდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა, სააკაშვილისა და მის მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით საერთაშორისო ინტერესი სულ უფრო ნაკლები ხდება.
"მინდა რამდენიმე ნაწილად დავყო ის რეაქციები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების პირველ ეტაპზე მივიღეთ და რომელსაც, არ დაგიმალავთ, რომ ველოდებოდით კიდეც. პირველი ეს იყო რეაქცია მათგან, რომლებიც სერიოზულ პასუხს გვთხოვდნენ და მოგვიწოდებდნენ, რომ დროულად მოგვეხდინა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დაუსჯელობის სინდრომი დასრულებულიყო. მეორე იყო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია, რომელიც კონსტრუქციულად მიუდგა სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას და მხოლოდ ის შეგვახსენა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება სამართლიანად, ობიექტურად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, რასაც ჩვენ ვიზიარებთ და მესამე – (ღარიბაშვილმა კარგად თქვა) "სააკაშვილის კლუბის წევრების" რეაქცია, რომელიც დიპლომატიურ ჩარჩოებს იყო გაცდენილი: მაშინ, როცა არ შემდგარა სასამართლო პროცესი, მათ პირდაპირ გამოიტანეს დასკვნები. სამივე ეს რეაქცია უკვე შენელდა. რაც შეეხება იმას, რა იქნება შემდგომში, ვფიქრობ, სულ უფრო ნაკლები ინტერესი იქნება სააკაშვილის და მის მიერ წარდგენილი ბრალის მიმართ, რადგან მეტი მტკიცებულება იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. პროცესი მიდის გამჭვირვალედ და არ მგონია, რომ ვინმეს დამატებითი კითხვა გაუჩნდეს. თუ გაუჩნდება, ხელისუფლება მზად არის უპასუხოს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ძებნის გამოცხადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურაა და ამით განსაკუთრებული არაფერი ხდება.
"საერთაშორიოს ძებნის გამოცხადება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით და აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და სიახლესთან არ გვაქვს საქმე. უბრალოდ "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს წუწუნს, თითქოს აღნიშნული ხელისუფლების არაადეკვატური ქმედებაა. სხვა სათქმელი არ აქვს და ერთი და იგივე ფრაზას იმეორებენ", - აღნიშნა დეპუტატმა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.