გერმანია და საფრანგეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებენ

გერმანია და საფრანგეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებენ

გერმანია და საფრანგეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებენ. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შექმნიდა შთაბეჭდილებას, რომ არსებული კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შესაძლებელია". მისი თქმით, ასეთი ნაბიჯის გადადგმას მართებულად არ მიიჩნევს და გერმანიის პოზიცია 4-5 სექტემბერს დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც არ შეიცვლება, თუმცა ევროკაშირის სხვა ქვეყნებს, შესაძლოა, სხვა მოსაზრებები ჰქონდეთ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სამიტის მსვლელობისას არ მოუთხოვია სამხედრო დახმარება.

"უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უსარგებლო იქნებოდა და კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებას შეუწყობდა ხელს. ზუსტად ამ სიგნალს ვუგზავნით ჩვენ რუსეთს, რომ უნდა შეწყვიტოს უკრაინაში (სეპარატისტებისთვის) იარაღის მიწოდება და ხელი შეიწყოს კონფლიქტის დარეგულირებას", - განაცხადა ფრანსუა ოლანმდა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, რომელმაც ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სამხედრო დახმარება აუცილებელია, რამდენადაც "უკრაინა ახლა რუსეთთან ომს ევროპის სახელით აწარმოებს".

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინა არ ელის რუსეთთან გასამკლავებლად სხვა ქვეყნების სამხედრო ძალების დახმარებას, თუმცა დაინტერესებულია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით და დაზვერვის ინფორმაციის გაცვლით დასავლელ პარტნიორებთან.