დონალდ ტუსკი - უკრაინას მაშინ დავეხმარებით, როდესაც ევროპის საერთო აზრის ფორმულირებას შევძლებთ

დონალდ ტუსკი - უკრაინას მაშინ დავეხმარებით, როდესაც ევროპის საერთო აზრის ფორმულირებას შევძლებთ

ევროპის საბჭოს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც თანამდებობაზე მუშაობას პირველი დეკემბრიდან შეუდგება, აცხადებს, რომ გაერთიანებული ევროპის არსს ღრმად იზიარებს. 
"ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტია. ვხვდები, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარის მთავარი ამოცანაა - მუდმივად წარმოადგინოს კომპრომისი. პოლონეთში ღრმად გვჯერა გაერთიანებული ევროპის არსის. ევროსაბჭოსთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს", - განაცხადა დონალდ ტუსკმა. 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კომპრომისების ძიებას ის მუდმივად სწავლობდა ევროსაბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეისგან. 
ტუსკის თქმით, ევროსაბჭოს მომავალი ევროზონის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. 

"ჩემი პრემიერობის შვიდი წლის განმავლობაში პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 20 % შეადგინა. ამიტომ, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ შესაძლებელია ფინანსური დისციპლინის შენარჩუნება და ამავდროულად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიღწევა", - განაცხადა ტუსკმა. 

უკრაინასთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, "უკრაინას მაშინ დავეხმარებით, როდესაც ევროპის საერთო აზრის ფორმულირებას შევძლებთ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით".