ყაზახეთმა შესაძლოა, ევრაზიული კავშირი დატოვოს

ყაზახეთმა შესაძლოა, ევრაზიული კავშირი დატოვოს

პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, ყაზახეთს აქვს უფლება ევრაზიული ეკონომიკური კავშირი დატოვოს, თუ მისი ინტერესები დაირღვევა.

“თუ ხელშეკრულების პირობები არ შესრულდება, ყაზახეთს აქვს უფლება ეკონომიკურ კავშირზე უარი თქვას. ეს ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ყაზახეთი არ იქნება იმ ორგანიზაციაში, რომელიც მის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ჩვენი დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი განძია, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. პირველ რიგში, ჩვენ არასოდეს დავთმობთ დამოუკიდებლობას და მეორეც, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის დავიცვათ”, - განაცხადა ნაზარბაევმა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყაზახეთი სახელმწიფო არასოდეს ყოფილა, კერძოდ კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარაბევი უნიკალური ადამიანია, რადგან შექმნა სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო არასოდეს ყოფილა.

ამასთან, დღეს რუსი ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ “რუსეთმა ყაზახეთი უნდა დაიპყროს და ეს იმიტომ უნდა გააკეთოს, რომ ყაზახეთში ანტირუსული განწყობის კულტივირება ხდება.

“ყაზახეთის ყველა ახალ სახელმძღვანელოში, სულ ანტირუსული განწყობაა, თუმცა რუსეთს ყაზახეთისთვის არ უბრძოლია, პირიქით, ისინი მოვიდნენ ჩვენთან დახმარების სათხოვნელად. ყაზახი ულუსები მივიდნენ რუსეთის მეფესთან, ფეხებში ჩაუვარდნენ და გადარჩენაში დახმარება თხოვეს”, - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

მისივე თქმით, ყაზახეთში ბევრი ქალაქია რუსული სახელწოდებით, თუმცა მის მიმართ პრეტენზიების გამოცხადება მოიცდის.

“ჯერ დავიცდით, ჯერ უკრაინას მივხედოთ, ყაზახეთი საბაჟო კავშირის წევრია”, - აღნიშნა მან.