საქართველო უელსის სამიტისგან ელოდება ადეკვატურ რეაგირებას იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენი ქვეყნის შიგნით და ჩვენი ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მოამბეს" განუცხადა.
ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყნაში განხორციელდა. პრეზიდენტის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმები თავდაცვის სისტემაში, ასევე აქტიური მონაწილეობა იმ საერთაშორისო მისიებში, სადაც დასავლელი პარტნიორების გვერდით ვიდექით.
"ჩვენ ვუყურებთ ამ ვითარებას იმ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა და ამ სამიტზე ჩვენ მივდივართ უაღრესად დარწმუნებულები", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სამიტიდან საქართველო გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს ელოდება, რა იქნება ის, რასაც ამ პაკეტით გვთავაზობენ, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კონკრეტულ მომენტში ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდებით.
"ის, რომ ამ ეტაპზე არ არის MAP-ზე საუბარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაწევრიანება დღის წესრიგიდან მოიხსნა. ჩვენ მივდივართ ამ სამიტზე დიდი გაწული სამუშაოს ფონზე, მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად ალიანსი- ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, რომელიც შედგება ბევრი სამხედრო მოთამაშისგან და რომლის წინაშეც დგას კონკრეტული პოლიტიკური გეოპოლიტიკური ამოცანები და სურთულეები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სამიტის შემდეგ საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოება უნდა ამაღლდეს, ეს არ გულისხმობს, მხოლოდ გაწევრიანების მექანიზმებს,
MAP-ი არის გაწევრიანების საშუალება.
"MAP-მდე და MAP-ის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მეტი უსაფრთხოების გარანტიები, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს კოლეგებთან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო ნატო-ს სამიტის შემდეგ იქნება უფრო დაცული.
პრეზიდენტმა უელსში დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. მარგველაშვილის თქმით, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ასევე არაწევრი ქვეყნების ლიდერებთან.
"ერთ-ერთ პირველი შეხვედრა მე მექნება პეტრო პოროშენკოსთან. მნიშვნელოვანია, რომ უელსის სამიტზე საქართველო და უკრაინა გამოდიოდეს ერთიანი საკითხების გადაწყვეტის იმედით და ლოგიკით და ეს იყოს ტანდები, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების და სხვა ლიდერების წინაშე დააყენებს არსებული პრობლემების კონსტრუქციული გადაჭრის საკითხებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.