"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა , შეხვედრა თურქეთის ტერიტორიაზე გაიმართება. პარტიის წევრები უკვე სარფის საბაჟოზე იმყოფებიან. 

ვაშაძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტთან შეხვედრას პარტიის 10-მდე წევრი, მათ შორის ლევან ბეჟაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, აკაკი ბობოხიძე, ზაზა ბიბილაშვილი და გოგა ხაჩიძე დაესწრებიან. გიორგი ვაშაძემ შეხვედრის ადგილი არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საქართველოში დღესვე დაბრუნდებიან.

"შეხვედრაზე ბევრ საკითხს განვიხილავთ - რა ხდება საქართველოში, რა ხდება გლობალურ სამყაროში. საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკური სიტუაცია სერიოზულად იცვლება, რა პოზიცია აქვს საქართველოს ამ ვითარებაში. ასევე განვიხილავთ უკრაინის მოვლენებს და ა.შ", - განაცხადა ვაშაძემ.