პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ვიქტორ დოლიძე 1-4 სექტემბერს ევროპარლამენტში სამუშაო შეხვედრებს გამართავს. ბრიუსელში ვიზიტისას პარლამენტის წევრი ევროპელ კოლეგებთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებს და ევროკავშირში საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, ანდრეის მამიკინს შეხვდება.
1-2 სექტემბერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც უკრაინაში, ერაყში, ღაზასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან ერთად, საქართველოს საკითხის განხილვა მოხდება. კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მოხსენებით წარსდგება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ვიქტორ დოლიძის და ახლადარჩეული ევროპელი პარლამენტარების 14 ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.