მოსკოვი ვარშავას

მოსკოვი ვარშავას "შესაბამისი რეაქციით" ემუქრება

მოსკოვი ვარშავას რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავისთვის პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესვლის დროებითი აკრძალვის გამო "შესაბამისი რეაქციით" ემუქრება. როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ფაქტი რუსეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. 

"ამ აკრძალვის შემდეგ რუსული დელეგაცია იძულებული გახდა საწვავის უკმარისობის გამო სასწრაფო წესით ბრატისლავაში დაბრუნებულიყო. ამან რეალური საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას. მხოლოდ ჩვენი დემარშის შემდეგ პოლონეთის მთავრობა დათანხმდა აღნიშნული თვითმფრინავისთვის პოლონეთის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მიეცა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

პოლონეთმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თვითმფრინავს Ту-154, რომელიც სლოვაკეთიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალება არ მისცა.
რუსული მედიის ინფორმაციით, პილოტებმა აფრენის შემდეგ მიიღეს ინფორმაცია, რომ პოლონეთი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს თავის საჰაერო სივრცეში შესვლის უფლებას არ აძლევდა. შედეგად, თვითმფრინავი ჰაერში მოტრიალდა და ერთი საათის შემდეგ ბრატისლავას აეროდრომზე დაეშვა.

მოგვიანებით პოლონეთმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა. 

"პრობლემა გადაიჭრა. ნებართვა ფრენაზე მიღებულია", - განუცხადეს "ინტერფაქსს" ვარშავაში რუსეთის საელჩოს პრესსამსახურში. 

მედიაში გავრცელდა ასევე სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, საჰაერო სივრცე რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავისთვის დაკეტა არა მხოლოდ პოლონეთმა, არამედ უკრაინამაც.

უკრაინის ავიასამსახურში განაცხადეს, რომ არ მიუღიათ ინფორმაცია შოიგუს თვითმფრინავის ფრენის შესახებ.