ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორმა დეპუტატმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ერთ-ერთი მათგანი "ლეიბორისტების" სიით გასული დეპუტატი გიორგი გიუაშვილია, რომელიც ადრე "ქართული ოცნების" წევრი იყო, მეორე კი - მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე გელაშვილი. 

გიორგი გიუაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობა და გამგებელი გააკრიტიკა და დაადანაშაულა, რომ ხელფასების გარდა დანამატები გამოიწერეს და ამის თაობაზე საკრებულომ სპეციალური დადგენილება მიიღო. გიუაშვილის თქმით, სწორედ მისი კრიტიკა გახდა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი. 
"როდესაც საკრებულოს სხდომა დასრულდა, სადაც სხვადასხვა საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, საკრებულოს ხელმძღვანელობის ბრძანებით, ჩაკეტეს სხდომათა დარბაზის კარი.დარბაზში იმყოფებოდა დაახლოებით 21 დეპუტატი. სულ არის 26 დეპუტატი, თუმცა ყველა არ ესწრებოდა სხდომას და ამის შემდეგ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ფიზიკური ძალადობისას ყველაზე მეტი აქტიურობით გამოირჩეოდნენ მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო გელაშვილი, საკრებულოს თავმჯომარე ზაზა ჩაჩანიძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი. ზაზა ჩაჩანიძემ პირდაპირ გააკეთა მინიშნება, რომ "მაესტროსთვის" მიცემული კომენტარის გამო, ჩემგან პასუხს ითხოვდნენ. საკებულოში სერიოზული შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც მივიღე დაზიანებები", - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა გიორგი გიუაშვილმა. მან ბორჯომის პოლიციასაც მიმართა და ექსპერტიზის დასკვნას ითხოვს. 

ბორჯომის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო დეპუტატმა ალექსანდრე გელაშვილმაც. მისი განცხადებით, სხდომის დასრულების შემდეგ გარეთ მოუხდა საუბარი გიუაშვილთან და როდესაც უკვე დასცილდნენ, გიუაშვილმა გაურკვეველი მყარი საგანი ჩაარტყა სახის არეში, რის გამოც მან გარკვეული დაზიანებები მიიღო. 
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეს და მუნიციპალიტეტის გამგებელ დიმიტრი ყიფიანს, ორივე მათგანი ადასტურებს, რომ საკრებულოს სხდომაზე ინციდენტი მოხდა. თუმცა ჩაჩანიძეც და ყიფიანიც ცალსახად აცხადებენ, რომ აღნიშნული ინციდენტი, თავად გიორგი გიუაშვილისგან მომდინარეობდა, რომელიც პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდა, ყველა განსახილველ საკითხზე რეპლიკებს ისროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა დეპუტატებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

რაც შეეხება თავად გიუაშვილის მიერ დასახელებულ მოტივს - საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ მდგომარეობაზე საჯაროდ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, გამგებელიც და საკრებულოს პირველი პირიც ამბობენ, რომ გიუაშვილის მიერ მედიით გავრცელებული ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია.