“არ შემიძლია, დეკლარაციაში ის თანხა ჩავწერო, რომელსაც ჩემი შვილები ათი წლის შემდეგ მიიღებენ”

“არ შემიძლია, დეკლარაციაში ის თანხა ჩავწერო, რომელსაც ჩემი შვილები ათი წლის შემდეგ მიიღებენ”

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მთავარი პროკურატურა 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.

როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ბაქრაძემ განაცხადა, მან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.

“ეს იყო შეგნებული არჩევანი, რომ მიუხედავად პარლამენტის წევრის იმუნიტეტისა, მე დღეს მოვსულიყავი აქ, რათა ღიად მესაუბრა ყველაფერზე. იმედი მაქვს, ამ 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურამ საკმარისი ინფორმაცია მიიღო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ იყო განკარგვაში მყოფი თანხა. ეს თანხა საერთოდ არ არის ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრების. ამ თანხას ჩემი ოჯახის წევრები, ანუ ჩემი შვილები მიიღებენ ათი წლის შემდეგ, როდესაც ისინი სრულწლოვნები გახდებიან. მე არ შემიძლია, დეკლარაციაში ჩავწერო ის თანხა, რომელსაც ათი წლის შემდეგ მიიღებენ ჩემი შვილები”, – განაცხადა ბაქრაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიებული უნდა იყოს ისიც თუ როგორ გავრცელდა ინტერნეტსივრცეში მისი პირადი წერილი, რომლის საფუძველზეც მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

“სისულელე იქნება ვივარაუდოთ, რომ ამ ინფორმაციის გაჟონვა მოხდა ბანკიდან. ბუნებრივია, იყო წერილი, ფოსტაში მოხდა წერილის უკანონოდ გახსნა, ნახვა და შემდეგ მოგონილი მისამართით ამ წერილის ატვირთვა ვებგვერდზე”, – განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული. გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ერთი მუხლი დეკლარაციაში განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანას, მეორე კი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზებას ეხება.