უკრაინაში საელჩო სამხედრო ტყვეებს შორის ქართველების ყოფნაზე ინფორმაციას აზუსტებს

უკრაინაში საელჩო სამხედრო ტყვეებს შორის ქართველების ყოფნაზე ინფორმაციას აზუსტებს

როგორც უკრაინაში საქართველოს კონსულმა კონსტანტინე საბიაშვილმა “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, უკრაინული მედიით ინფორმაცია ალექსანდრე წიკლაურსა და იური ბუკიაზე გავრცელდა.

საბიაშვილის თქმით, საელჩო ამ ადამიანების ინდენტიფიცირებას ცდილობს და დახმარების თხოვნით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტითაც მიმართა.

“ვმუშაობთ, რომ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, არიან თუ არა ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები. პარალელურად მივმართეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტგროს დახმარების აღმოჩენის მიზნით, რათა ამ პიროვნებებზე კონკრეტული ინფორმაცია მოგვაწოდოს. ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ეს ცნობა უკრაინულ მედიაში გავრცელდა, რომ 24 აგვისტოს დონეცკში გამართულ სამხედრო ტყვეთა აღლუმზე ორი ქართველიც იყო”, – განაცხადა საბიაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს და არიან თუ არა მათ შორის დაშავებულები, კონსულის თქმით, მსგავსი სახის დახმარების თხოვნით საელჩოში ზარი არ შესულა.

“საელჩომ ყველა ზომა გაატარა, რომ ის რეგიონები, სადაც ამჟამად დაძაბულობაა, საქართველოს მოქალაქეებს დაეტოვებინათ. დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა კიდეც, თუმცა სავარაუდოდ, არიან კიდევ დარჩენილები იქ ქართველები. თუმცა დახმარების ან ევაკუაციის თხოვნით ზარი საელჩოში არ დაფიქსირებულა. გამოცხადებულია ცხელი ხაზის ნომრები, ეს ნომრები ასევე მითითებულია ვებგვერდზეც”, – განაცხადა უკრაინაში საქართველოს კონსულმა კონსტანტინე საბიაშვილმა.