ჯეიმს აპატურაი - ირაკლი ალასანიას ინიციატივა თავდაცვითი სისტემების საჭიროების შესახებ ძალაში რჩება

ჯეიმს აპატურაი - ირაკლი ალასანიას ინიციატივა თავდაცვითი სისტემების საჭიროების შესახებ ძალაში რჩება

ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების საკითხი კვლავ აქტუალურია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ნატო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, ძალაში რჩება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივა, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემები სჭირდება. 
"თუმცა, როგორც უკრაინის შემთხვევაში, ნატო-ს, როგორც ორგანიზაციას, ამის საშუალება არ აქვს. მაგრამ ის, რომ საქართველო საჭიროებს თავდაცვითი შესაძლებლობების განთავსებას, ეს საბოლოო კომუნიკეში ჩაიწერება, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამიტის დასრულების შემდეგ მიიღებს. შემდეგი ნაბიჯები უკვე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე "გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს" მიიღებს.
"ეს იქნება უფრო მეტად გაზრდილი დახმარება, სტრატეგიულ მოლაპარაკებებში ჩართვა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში, ერთობლივი წვრთნები და დაგეგმარებაში საქართველოს მონაწილეობა", - განაცხადა აპატურაიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების საქართველოში განთავსების შესახებ მაისში, ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - "ერთიანი და თავისუფალი ევროპა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.