ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობაზე

ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობაზე

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ანგელა მერკელთან უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სატალეფონო საუბრისას შეთანხმდნენ , რომ რუსეთი პასუხისმგებელია აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობაზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"რუსეთი მხარს უჭერს ამ ძალადობას, წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს სეპარატისტებს. რუსეთმა არაერთხელ დაარღვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნის ამსახველი ფოტოები ამას მთელი მსოფლიოსთვის მოწმობს", - განაცხადა ბარაკ ობამამ. 

მისივე თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პროგრესს მიაღწიეს სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. 

როგორც ბარაკ ობამამ აღნიშნა, უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისა და იმ სანქციების საპასუხოდ, რომელიც რუსეთს დაუწესდა, რუსეთი უკვე ისეთ დონეზე იზოლირებული, როგორც არასდროს ცივი ომის შემდეგ.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთიდან კაპიტალის გადინებას, ინვესტორები სულ უფრო ხშირად იკავებენ თავს რუსეთთან ურთიერთობებზე, ქვეყნის ეკონომიკა კი ვარდნის პირასაა. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ხელყოფა რუსეთს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. 

მისივე თქმით, აშშ-ი მზად არის დამატებითი სანქციებისთვის და ყველა ამ საკითხს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მომავალ კვირაში, ესტონეთში ვიზიტისას განიხილავს, ასევე ნატო-ს სამიტზე.
როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, მომავალ თვეს უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უმასპინძლებს.