შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და უწყების დაცვის სამსახურის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვის თანამშრომლებმა სამინისტროში სამართალდამცავების მიერ დაკავებული "თავისუფალი ზონის" 5 წევრის ადვოკატი რომე საჯაია არ შეუშვეს. ადვოკატი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად უწყებასთან სწორედ აღნიშნული პირების დაკავების გასაპროტესტებლად მივიდნენ.
საჯაიასთან ერთად სამინისტროში შესვლა სურდა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ აკაკი მინაშვილსაც, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ამის უფლება არც დეპუტატს მისცეს.
სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ამ დროისთვის უწყებასთან სიმშვიდეა. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც დაკავებული 5 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს.