უკრაინისა და რუსეთის გენერალურმა შტაბებმა პირველი კონსულტაციები გამართეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, კონსულტაციების ფარგლებში განიხილეს სახელმწიფო სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებული საკითხი. კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ქვედანაყოფების უკრაინის ტერიტორიაზე არდაშვების თაობაზე.
ასევე, პოროშენკოს თქმით, საუბარი შეეხო ტყვეების გაცვლის საკითხსაც. "დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალებით ჩვენ ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციას შევძლებთ", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკოს ინფორმაციით, უკრაინისა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურებს შორის შაბათს დაიწყება კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე აღდგეს უკრაინელი მესაზღვრეების საქმიანობა და შედგეს შეთანხმება საზღვრის ერთობლივ პატრულირებაზე.