მზარდი რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის პასუხად საქართველოში მუსლიმთა რელიგიური ორგანიზაციების მშვიდობიანი გაერთიანების დეკლარაციას მოაწერენ ხელს

მზარდი რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის პასუხად საქართველოში მუსლიმთა რელიგიური ორგანიზაციების მშვიდობიანი გაერთიანების დეკლარაციას მოაწერენ ხელს

29 აგვისტოს  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოში არსებული მუსლიმური  გაერთიანებები და ორგანიზაციები ხელს მოაწერენ „მზარდი რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის პასუხად საქართველოში მუსლიმთა რელიგიური ორგანიზაციების მშვიდობიანი გაერთიანების დეკლარაციას“.

დეკლარაციის ხელმოწერა თბილისში  29 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში შიიტი და სუნიტი მუსლიმების სულიერი ლიდერები, მუსლიმურ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, საქართველოს საპატრიარქოს, პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის, რელიგიურ საქმეთა სააგენტოს, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დეკლარაციაზე ხელმომწერი 16 რელიგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ რელიგიურ შეხედულებებში განსხვავების მიუხედავად, საქართველოში მცხოვრები მუსლიმური რელიგიური ჯგუფები არ დაუშვებენ ურთიერთდაპირისპირებასა და ძალადობას ისლამის სახელით.

საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა სულიერი ლიდერის, სრულიად საქართველოს შეიხ რამინ იგიდოვის თქმით, მსოფლიოში რელიგიური ექსტრემიზმი მზარდია და ამაზე მიუთითებს რელიგიური დაჯგუფების - ერაყისა და ლევანტის მუსლიმური სახელმწიფოს (ელმს) გააქტიურება და მათ მიერ გაცხადებული სურვილი, შეიქმნას ახლო აღმოსავლეთში ისლამური სახლემწიფო. აღნიშნული ორგანიზაცია საკუთარი გავლენების გაფართოებას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმთა გადაბირებითა და მათი კონსოლიდაციით ცდილობს. ამ ექსტრემისტული იდეის განხორციელებას დღეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ერაყსა და ღაზის სექტორში; მათი აგრესიული განაცხადები უკვე მოისმინეს ჩვენმა მოქალაქეებაც, როდესაც რამდენიმე დღის წინ ამერიკელ ჟურნალისტზე შურისძების კადრები იხილეს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ერაყისა და ლევანტის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მეთაურების მხრიდან ბოლო ხანებში რამდენჯერმე გამოითქვა მუქარა კავკასიის სახელმწიფოების მისამართით. ვაცხადებ , რომ საქართველოში მუსლიმურ ორგანიზაციებს შორის დღემდე არ ყოფილა დაპირისპირება და ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ისლამის სახელით ძალადობას.“ - აცხადებს სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი.

მზარდი რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის საფრთხის წინააღმდეგ მუსლიმური რელიგიური გაერთიანებებისა და ორგანიზაციების გაერთიანებას მიესალმება დასავლეთ საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე. აღმოსავლეთ საქართველოს მუფტის იასინ ალიევის თქმით კი, მსოფლიოში და ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, რომ საქართველოში შიიტი და სუნიტი მუსლიმები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და მეჩეთებში ერთად აღავლენენ ლოცვას.

საქართველოში მუსლიმთა თემი წაროდგენილია აზერბაიჯანელი, ქისტი, ავარი, მესხი, კაზან-თათარი და ქართველი მუსლიმებით. ისინი, როგორც ერთიანი მრევლი, დღეისათვის გაერთიანებული არიან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში (სსმს). სამმართველოს საქმიანობას ხელმძღვანელობენ შეიხი, დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტები. სამმართველოს ამოცანაა მუსლიმი მრევლის სულიერი ცხოვრების წარმართვა და მეჩეთებისა და სამლოცველოების მოვლა-პატრონობა. სამმართველო საქართველოს მასშტაბით ნიშნავს სასულიერო პირებს, კოორდინაციას უწევს ისლამის სწავლებას, ჰაჯისა და უმრის პილიგრიმობას.

სსმს ინიციატივით, ამა წლის 25 აგვისტოს მუსლიმურ რელიგიურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი. 29 აგვისტოს კი სსმს-ს ორგანიზებით  ხელი მოეწერება „მზარდი რელიგიური ექსტრემიზმისა და ძალადობის პასუხად საქართველოში მუსლიმთა რელიგიური ორგანიზაციების მშვიდობიანი გაერთიანების დეკლარაციას“.

***

ღონისძიება გაიმართება პარასკევს, 29 აგვისტოს, 16 საათზე თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ (შავთელის 13).

დეკლარაციის ხელმოწერამდე, 14:30 საათზე თბილისის ჯემა მეჩეთში (ბოტანიკურის ქუჩა 23) მოხდება საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების იმამებისა და ახუნდების დანიშვნა საქართველოს შეიხის რამინ იგიდოვისა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტის იასინ ალიევის მიერ. ჩატარდება ჯუმის ლოცვა.

მედიის დასწრება თავისუფალია.