უკრაინის რადამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს

უკრაინის რადამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს

უკრაინის უმაღლესმა რადამ, შესაძლოა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. როგორც უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილემ რუსლან კოშულინსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამისთვის რადაში ხმათა საკმარისი ოდენობა მოგროვდება.

"226 დეპუტატით ვფიქრობ, შევძლებთ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, "რეგიონების" პარტიისა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლობა რადაში ისეა, როგორც მტერი ზურგში, რომელიც ხვალ დანას ჩაგარტყამს.

"უმაღლესი რადას დახურული სხდომის ჩატარება _ ეს იგივეა, რაც კრემლში პირდაპირი ტრანსლაცია, მათთან ერთად არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება", - დასძინა კოშულინსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.