ზვიად კვაჭანტირაძე სავიზო რეგულაციებში ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

ზვიად კვაჭანტირაძე სავიზო რეგულაციებში ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის შემუშავება განაპირობა უკიდურესად ღია სავიზო პოლიტიკის შედეგად ჩვენს ქვეყანაში წარმოშობილმა მოუწესრიგებელმა იმიგრაციულმა პროცესებმა.

ამასთან, როგორც კვაჭანტირაძე აღნიშნავს, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მიგრაციული პროცესების სწორი და გააზრებული მართვა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რაც სათანადო სავიზო პროცედურების მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

მისივე თქმით, მიგრაციული პროცესების მართვა და შესაბამისი კანონების ევროსტანდარტებთან მოყვანა ევროპასთან სავიზო დიალოგის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

“თუ იქნები რისკების შემცველი ქვეყანა, სადაც ყველა უკონტროლოდ შემოვა და მერე აქედან ევროპაში არალეგალად გადავა, ასეთ ქვეყანასთან ევროკავშირს უვიზო სივრცე არ სჭირდება. ჩვენ ხომ გვინდა უვიზოდ ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში? მაშინ, კეთილი უნდა ვინებოთ და მოვაწესრიგოთ იმიგრაციული პროცესები საქართველოში. რაც შეეხება იმას, რომ საზღვარზე თუ არ გაიცემა ვიზები ეს ტურისტს დამატებით სირთულეს შეუქმნის და ის საქართველოში აღარ ჩამოვა, ამის მტკიცება წყლის ნაყვაა”, - აცხადებს კვაჭანტირაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გამარტებით, “თუ ვიზიტორი საქართველოში 90 დღეზე მეტ ხანს რჩება, გამოდის, რომ მას აქვს სხვა მიზნები: სწავლა, დასაქმება, ან დაოჯახება და ა.შ. შესაბამისად, ყველა სხვა შემთხვევაში მას შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მიზნები და აიღოს გრძელვადიანი ვიზა, შედეგად კი ბინადრობის მოწმობა”.

“სტატისტიკით, უცხოელი, რომელიც საქართველოში ჩამოდის როგორც ვიზიტორი, ვერც კი ითვისებს ბოლომდე 90-დღიან პერიოდს. ეს 90 დღე არის სტანდარტი ყველა განვითარებულ ქვეყანაში. არსად არ არის იმის მაგალითი, რომ 360 დღე ქვეყანაში ყოფნის უფლება ჰქონდეს ვიზიტორს. იქნებ, მაგალითი მოიყვანონ ოპონენტებმა რომელ, თუნდაც ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანას მოაკლდა ტურისტული ნაკადი იმის გამო, რომ მოწესრიგებული აქვს მიგრაციის პოლიტიკა?!”, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

1 სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი, რომელიც ვიზების გაცემისა და მიგრაციის ახალ რეგულაციებს განსაზღვრავს.