დონეცკი, პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქემ დატოვა

დონეცკი, პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქემ დატოვა

დონეცკიდან საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე გასულია, ხოლო ვინც დარჩენილია, მაქსიმალურად ცდილობენ გარეთ არ გამოვიდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კონსულმა დონეცკში, ირაკლი ადვაძემ განუცხადა.

რაც შეეხება საქართველოს საკონსულოს დონეცკში, ირაკლი ადვაძის ინფორმაციით, 1 ივლისიდან საკონსულო დონეცკიდან ევაკუირებულია.

"პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქემ დატოვა დონეცკი, განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში ისინი მიმართავენ საქართველოს საკონსულოებს, იქნება ოდესა, ან კიევში საქართველოს საელჩო ან საკონსულო", - განაცხადა ადვაძემ.

რაც შეეხება უშაულოდ დონეცკში არსებულ ვითარებას, როგორც კონსულმა აღნიშნა, ის ამჟამად თბილისში იმყოფება, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ინტენსიური დაბომბვის შედეგად დღეს დილით 16 კაცი იყო გარდაცვლილი.

"დაბომბვები პეტრო პოროშენკოს მიმართვამდე დაიწყო და წუხანდელი ღამიდან მიმდინარეობს", - განაცხადა კონსულმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონეცკის ოლქში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში ვიზიტი გადადო და ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დღეს დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ავრცელებს.