ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი - ნატო-მ შავ ზღვაზე ფლოტი უნდა გააძლიეროს

ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი - ნატო-მ შავ ზღვაზე ფლოტი უნდა გააძლიეროს

ადმირალ ჯეიმს სტავრიდისის აზრით, ნატო-მ შავ ზღვაზე ფლოტი უნდა გააძლიეროს. ამის შესახებ ნათქვამია "ამერიკის ხმის" ქართული სამსახურის პუბლიკაციაში, რომელსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის დოქტრინამ ისევ წინა პლანზე წამოიწია. გადამდგარი ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი, რომელიც წარსულში ნატო-ს ერთ-ერთი მეთაური იყო, ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგრესიული ქმედება უკან ძალიან ცუდად დაუბრუნდება.

"პრეზიდენტ პუტინის სტრატეგია მისი სტრატეგიული მარცხი გახდება. ეს საბოლოო ჯამში, ნატო-ს აძლიერებს. მეტი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს მას და ბევრად მეტ ერთობას შთააგონებს, ვიდრე ეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე იყო", - აცხადებს ადმირალი სტავრიდისი.

"ამერიკის ხმა" წერს, რომ რუსეთის ქმედება ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, შიშსაც კი იწვევს, ვინაიდან ისინი შიშობენ, რომ მოსკოვი შესაძლოა მათაც, ანუ ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც დაესხას თავს. თუმცა ადმირალი სტავრიდისი ამ თემაზე ხუმრობს და ამბობს, რომ მას "ნატოზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე ძილს ვერაფრით დაუფრთხობს". 
"ალიანსის საზღვრებზე საპატრულო თვითმფრინავების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ასევე უნდა გაიზარდოს საზღვაო ფლოტის შემადგენლობა როგორც ჩრდილოეთში - ბალტიის ზღვაზე, ასევე სამხრეთში - შავ ზღვაზე. ჩემი აზრით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უნდა დავეხმაროთ მოწყობილობებით, წვრთნით და რჩევებით კიბერ-უსაფრთხოების დარგში, რადგან თუ რუსეთი შემდეგ ნაბიჯს გადადგამს და შეიჭრება უკრაინაში, ის მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს" , - აცხადებს ადმირალი სტავრიდისი.

ადმირალის თქმით, ნატოს მომავალ სამიტზე ყურადღება ალიანსის მიერ ავღანეთში ბოლო 10 წლის მანძილზე შესრულებულ როლზეც გამახვილდება, ასევე იგეგმება წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის სფეროში დანახარჯების საკითხთა განხილვაც.