ლევან ყიფიანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კალათბურთის ეროვნულ ჩემპიონატს საფრთხე არ დაემუქროს

ლევან ყიფიანი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კალათბურთის ეროვნულ ჩემპიონატს საფრთხე არ დაემუქროს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, ის, რაც ქართულ კალათბურთში ხდება, არის იმ არასწორი სტრუქტურის ბრალი , რომელიც წლების განმავლობაში იყო და ახლა ამის გამოსწორებას ცდილობენ. ამის შესახებ ლევან ყიფიანმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემები, რაც ეროვნულ ჩემპიონატშია, ერთ და ორ დღეში არ დაგროვილა, ეტაპობრივად მოდის წლების განმავლობაში და ამ ყველაფერმა თავი იჩინა დღეს. 
"კალათბურთის ფედერაცია და ჩვენ ერთობლივად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღარ დაუდგეს გუნდებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატს საფრთხე არ დაემუქროს და გუნდებმა ჩვეულებრივად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა", - განაცხადა ყიფიანმა. 

ჟურნალისტმა მინისტრს შეახსენა, რომ თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს კლუბ "არმიას", შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ დააფინანსებს გუნდს "შსს", სპორტის სამინისტრო აღარ დააფინანსებს "ოლიმპის" კლუბს და დაინტერესდა, ასეთ ფონზე, როგორ უნდა გააგრძელონ კლუბებმა არსებობა.

ლევან ყიფიანის განცხადებით, მათ თავიდანვე თქვეს, რომ უწყებრივი დაფინანსება არასწორია და უნდა არსებობდეს მუნიციპალური დაფინანსება ან კერძო ინვესტორები. 
"ჩვენთან არც თუ ისე იოლად მოდიან ბიზნესმენები სპორტში. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ინვესტორმა შუა გზაში მიატოვა გუნდები", - განაცხადა ყიფიანმა. 
მან ტყუილი უწოდა იმას, რომ კალათბურთის ეროვნული ნაკრები მინისტრს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

"მე არ მსმენია, რომ ნაკრები ჩივის უყურადღებობას. ეს არასწორი ინფორმაციაა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღებაა და ყველა პირობაა შექმნილი, რომ გუნდს მიეღწია იმ შედეგებისთვის, რასაც მიაღწია", -განაცხადა ყიფიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნაკრების წევრებს გუშინაც შეხვდა და ისიც ცნობილი იყო, რომ საკალათბურთო ნაკრები ერთობლივი განცხადების გაკეთებას აპირებდა. 
რაც შეეხება საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას, მინისტროს თქმით, ჩემპიონატი წელს ჩატარდება, თუმცა როდის დაიწყება, ამას სამინისტრო არ ადგენს და ეს კალათბურთის ფედერაციის კომპეტენციაა.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას კალათბურთისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება ქართველმა კალათბურთელებმა გუშინ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გააკეთეს.

როგორც გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეს მხოლოდ ორი გუნდია რეგისტრირებული, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა.
"ძალიან ამაყი ვარ ამ ბიჭებით, ძალიან მაგარი დღეა ჩვენთვის. მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით, მიუხედავად იმ სირთულეებისა და ტრავმებისა, რომელიც გუნდში არის. მიუხედავად ამხელა სიხარულისა, კვლავ არის დიდი წუხილი ჩვენში იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაშიც დღეს ქართული კალათბურთია. გვინდა მივმართოთ თხოვნით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, საქართველოს მთავრობას, რომ მიხედონ კალათბურთს, ყურადღება მიაქციონ სპორტის ამ სახეობის განვითარებას საქართველოში, დღესდღეობით მხოლოდ ორი გუნდია ჩემპიონატში, ამას საქართველო არ იმსახურებს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქვეყანამ აჩვენოს კარგი შედეგი და ქვეყნისთვის სამომავლოდ უფრო კარგი იქნება, თუ იქნება ძლიერი ჩემპიონატი, იქნებიან გუნდები, გაიზრდებიან პროფესიონალი კალათბურთელები, ამით უფრო ისარგებლებს ქვეყანა და ნაკრები უფრო ძლიერი იქნება", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ. 

ვიქტორ სანიკიძის თქმით კი, ყოველ წელს არის დაპირება, რომ ქართულ კალათბურთს მიეხედება, თუმცა ეს დღემდე არ შესრულებულა. 
"სულ გვესმის, რომ აი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და მერე ყველაფერს ვიზამთ, თუმცა სიტუაცია იგივე რჩება, ძალიან ბევრი ბავშვია, ვისაც უნდა კალათბურთზე სიარული, ბევრი ჩვენი თანაგუნდელი ნაკრებში დღეს ქართულ კალათბურთში შექმნილი მდგომარეობის გამო უგუნდოდ არის დარჩენილი, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ქართულ კალათბურთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ისე გამოდის, დღეს რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავსულიყავით, საქართველოს ჩემპიონატი არც ჩატარდებოდა. თუ მიეხედება შიდა ჩემპიონატს, გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება", - აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.