არჩილ გეგეშიძე - აშშ-მ და ნატო-მ უელსის სამიტი საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენონ

არჩილ გეგეშიძე - აშშ-მ და ნატო-მ უელსის სამიტი საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენონ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის აზრით, აშშ-მ და ნატო-მ უელსის სამიტი საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენონ და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გეზი დასახონ.

ამის შესახებ გეგეშიძე ვაშინგტონის საინფორმაციო გამოცემაში The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ ბევრი მიმართულებით აჩვენა ის, რასაც ნატო წევრობის მსურველი ქვენისაგან მოელის. კერძოდ, საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში. ამჟამად ავღანეთში საქართველოს ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის სიდიდით ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი გააჩნია. საქართველოს შეიარაღებული ძალები ახლახანს შეუერთდა ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიას, ხოლო 2015 წლიდან საქართველო ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩაერთვება. საქართველო ასევე წარმოდგენილია მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში.

სამხედრო სფეროში მიღწეული პროგრესის პარალელურად, სტატიის ავტორი საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების სფეროში გატარებულ რეფორმებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო ჩაეტარებინა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დემოკრატიულად და სამართლიანად აღიარებული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2014 წლის 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველომ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მომდინარე წნეხისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა, ხმამაღლა განაცხადა თავისი მიზნის შესახებ, გახდეს ევროკავშირის წევრი.
 

არჩილ გეგეშიძე წერს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ასახავს ქართველი ხალხის ნებას გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ამავდროულად დაამყაროს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები, ასე რომ, ახლა ჯერი აშშ-ს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სხვა წევრებზეა, რომლებსაც შეუძლიათ დააფიქსირონ, რომ ეთანხმებიან საქართველოს ხედვას და მზად არიან უელსის სამიტზე საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების გზა დასახონ.

ნატო-ს სამიტი უელსში მიმდინარე წლის 4-5 სექტემბერს გაიმართება.

სტატიის ქართული ვერსია საქართველოს საგარეო უწყების ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.