ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია, რუსეთის აგრესიის სუბიექტი ევროპის სხვა ქვეყნები გახდნენ. ამის შესახებ კიევში ევროკომისიის სპიკერმა , ჩეხმა დიპლომატმა დევიდ სტულიკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გუშინ დაწერა.
მისივე განცხადებით, რუსეთი ყირიმის სცენარს უკრაინის სხვა რეგიონებშიც იმეორებს.
"დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, 27 აგვისტო. სწორედ დღეს დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე ღია რუსული აგრესია. ამ ვითარებაში "სირაქლემას პოზაში" ყოფნა ყველაზე ნაკლებად გამოსადეგია, რადგან ხვალ შეიძლება ჩვენც დავუპირისპირდეთ ფართომასშტაბიან ომს. ზეგ კი დასავლეთის ზოგიერთ ნაწილში შესაძლოა რუსეთის აგრესიის სუბიექტები გავხდეთ", - აღნიშნა დევიდ სტულიკმა.
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნას გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტიც.
მისი განცხადებით, დონბასში ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის რეგულარული ჯარები ებრძვიან.