საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ კალათბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა მიულოცა. "ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს - დაძაბული მატჩების შემდეგ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილზე გავიდა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ასპარეზობის უფლება. ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს და ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას.
განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი ნაკრების გამარჯვება, რადგან კარგად ვიცი, თამაშის, მომზადებისა და ასპარეზობისთვის რამდენი სირთულისა და პრობლემის გადალახვა უწვეთ მათ, და ეს წლებია გრძელდება. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს კალათბურთელებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ.
საქართველოში კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, ქართველი გულშემატკივარი არაერთი დიდი წარმატების მომსწრე გამხდარა. ამიტომაც, ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, მის პოპულარიზაციას და ეროვნული ჩემპიონატების მაღალ დონეზე ჩატარებას, რაც, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ტურნირებში კიდევ ბევრი გამარჯვების წინაპირობა გახდება", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მისალოც განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას კალათბურთისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება ქართველმა კალათბურთელებმა გუშინ პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ გააკეთეს.
როგორც გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დღეს მხოლოდ ორი გუნდია რეგისტრირებული, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა.
"ძალიან ამაყი ვარ ამ ბიჭებით, ძალიან მაგარი დღეა ჩვენთვის. მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვედრილიყავით, მიუხედავად იმ სირთულეებისა და ტრავმებისა, რომელიც გუნდში არის. მიუხედავად ამხელა სიხარულისა, კვლავ არის დიდი წუხილი ჩვენში იმასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაშიც დღეს ქართული კალათბურთია. გვინდა მივმართოთ თხოვნით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, საქართველოს მთავრობას, რომ მიხედონ კალათბურთს, ყურადღება მიაქციონ სპორტის ამ სახეობის განვითარებას საქართველოში, დღესდღეობით მხოლოდ ორი გუნდია ჩემპიონატში, ამას საქართველო არ იმსახურებს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ქვეყანამ აჩვენოს კარგი შედეგი და ქვეყნისთვის სამომავლოდ უფრო კარგი იქნება, თუ იქნება ძლიერი ჩემპიონატი, იქნებიან გუნდები, გაიზრდებიან პროფესიონალი კალათბურთელები, ამით უფრო ისარგებლებს ქვეყანა და ნაკრები უფრო ძლიერი იქნება", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.