რუსთაველის ძეგლიდან ეროვნული მუზეუმისკენ დღეს ანჩისხატის სალიტანიო ხატით მსვლელობა მოეწყობა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ანჩისხატის მომლოცველთა კრებულიდან აცნობეს, ათონისა და ტაო-კლარჯეთის მოლოცვის შემდეგ თბილისში ჩამობრძანებულ სალიტანიო ანჩისხატს რუსთაველის ძეგლთან სხვადასხვა ტაძრის მრევლი დახვდება და ლოცვითი მსვლელობით ეროვნული მუზეუმთნ მიაბრძანებენ, სადაც ერისა და ეკლესიის გაძლიერებისთვის პარაკლისი შესრულდება.
წელს ანჩისხატის მეათე გზა სიმბოლურად ათონის მთიდან - ივერონიდან დაიწყო. ხატმა ასევე ისტორიული კონსტანტინოპოლი და ტაო-კლარჯეთი (ანჩა) მოილოცა. ანჩისხატი საქართველოში 27 აგვისტოს ტაო-კლარჯეთიდან შემობრძანდა. ამჟამად ფეხით სვლით ქობულეთის ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრების მოლოცვა მიმდინარეობს.
ანჩისხატობა 29 აგვისტოს აღინიშნება. ანჩისხატის ორიგინალი ეროვნულ მუზეუმში ინახება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით სალიტანიო ანჩისხატის კანონიკური ასლი უკვე წლებია სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმიდა ადგილების მოსალოცად დაბრძანდება საქადაგო მოწოდებით - ,,სიწმიდეები გვიხმობენ".