აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციაზე არიან მიწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თუმცა, გამოცემა Today’s Zaman-ის ინფორმაციით, შესაძლოა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ნაცვლად, ინაუგურაციაზე მათი წარმომადგენლები ჩავიდნენ.
თურქეთის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
რეჰეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია ანკარაში დღეს გაიმართება. 10 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 51,8 პროცენტი მიიღო.
თურქეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოსახლეობამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია. ქვეყნის პირველ პირს მანამდე პარლამენტი ირჩევდა და ინაუგურაციის ცერემონიას სხვა ქვეყნის ლიდერები არ ესწრებოდნენ.